იმანუელ კანტი - პასუხი კითხვაზე “რა არის ადამიანი?”


მიწიერ სიამოვნებათა ბაღი, ჰიერონიმუს ბოსხი

პასუხი კითხვაზე “რა არის ადამიანი?”
ნინო ფიფია – იმანუელ კანტის მოძღვრების ინტერპრეტაცია ბერტრან რასელის ფილოსოფიაში


რასელის მიზანი არასოდეს ყოფილა ანთროპოლოგიური მოძღვრების შექმნა. მაგრამ მთელი მისი შემოქმედება პასუხია კითხვაზე “რა არის ადამიანი?” რასელის ამ პასუხს “ჰუმანიზმის რელიგიის” სახელითაც იცნობენ.
ადამიანისათვის “უკეთ ცხოვრების” სწავლებას რასელი ფილოსოფიის ერთ-ერთი მთავარ ამოცანად მიიჩნევს. ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე, მისი აზრით, ცხადია, აუცილებელია თავად ადამიანის შესწავლა, მისი დანიშნულების, სამყაროში მისი ადგილის დადგენა.
ადამიანის სპეციფიკურობა, რასელის აზრით, პირველ ყოვლისა, ადამიანის აქტივობის ზოგად ბუნებაში ჩანს. ამ აქტივობას, რასელის თანახმად, სამი ასპექტი აქვს. ისინი, მართალია ძნელად გამოეყოფიან ერთმანეთს, მაგრამ საიმისოდ კი საკმარისად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, რომ განსხვავებული სახელები ეწოდოთ. ეს ასპექტებია ინსტინქტი, გონება და სული. მათ აქტივობას რასელი სხვაგვარად მათ “ცხოვრებას” უწოდებს.
ინსტინქტის აქტივობა, ანუ “ინსტინქტის ცხოვრება” (the life of instinct) გულისხმობს ყველაფერს, რაც ადამიანს ცხოველთან აკავშირებს, რაც თვითშენახვასა და რეპროდუქციას ეხება. ინსტინქტი კავშირშია ყველა იმ სურვილთან და იმპულსთან, რომელიც ინდივიდის, ერთი პირის ან ჯგუფის ბიოლოგიურ ინტერესებს ეხება. აქტივობა ინსტინქტის დონეზე გულისხმობს საკუთარი თავის სიყვარულს, ოჯახის სიყვარულს და იმის სიყვარულს, რასაც სამშობლოს სიყვარულამდე მივყავართ.
გონების აქტივობა (the life of mind) კი აზროვნებასთან, ცოდნასა და შემეცნების პროცესთან არის დაკავშირებული. გონების აქტიურობის გამოვლენაა ადამიანური ცნობისმოყვარეობაც – პირველი იმპულსი, საიდანაც ცოდნის მთელი შენობა ამოიზრდება. ცოდნის წყურვილი “გონების ცხოვრების” მოვლენაა. გონებას საქმე აქვს აზროვნებასთან, რომელიც თავისი ბუნებით მთლიანად ან ნაწილობრივ მაინც სცილდება პიროვნულს, იმ აზრით, რომ დაკავშირებულია აზროვნების საგანთან, ობიექტთან. გონების ქმედება სცდება პირადს, კერძოს, იმას, რაც ინსტინქტისათვის მნიშვნელოვანი და არსებითია.
მსგავსი სპეციფიკით გამოირჩევა სულის აქტივობაც, “სულის ცხოვრება” (the life of spirit), რომელიც მთლიანად არა-პირადული, არა-ეგოისტური გრძნობებით და განცდებითაა სავსე. ყოველგვარი შემოქმედება და ხელოვნება სულის აქტივობას განეკუთვნება. თუმცა ორივე მათგანი ინსტინქტის აქტივობასთანაც არის დაკავშირებული. ხელოვნება იწყება ინსტინქტიდან, პირადულიდან და გადაიზრდება სულის აქტივობაში, სულის რელიგიაში – ზეპიროვნულში. რელიგია კი იწყება სულიდან და მაღლდება ინსტინქტზე – მართავს მას, სულიერება შეაქვს მის “ცხოვრებაში”. სხვათა სიხარულისა და მწუხარების გაზიარება, იმის სიყვარული, რაც უშუალოდ და მხოლოდ ჩვენივე თავთან არ არის დაკავშირებული, ადამიანის ღირსებაზე ზრუნვა, კაცობრიობის წინაშე ვალდებულების გრძნობა, მორჩილება, თაყვანისცემა, ტრადიციული რელიგიური წესების თანახმად ცხოვრება – ეს ყველაფერი სულის აქტივობის გამოვლინებაა. მაგრამ მათზე ღრმაა საგანთა და სამყაროს მიღმა არსებული სიბრძნისა და ჭეშმარიტების მისტიკური განცდა. ჭეშმარიტი რელიგიის წყაროსაც სწორედ ამგვარი განცდები წარმოადგენენ.
სრულყოფილი ცხოვრებისათვის ინსტინქტი, გონება და სული ერთნაირად არსებითია. თითოეულს თავისი ღირსება და ნაკლი აქვს. თითოეულმა თავის მიზანს დანარჩენების ხარჯზეც შეიძლება მიაღწიოს, მაგრამ ეს მოჩვენებითი გამარჯვება იქნება მხოლოდ. სრულყოფილ ცხოვრებაში სამივე წყარო კოორდინირებულია და ჰარმონიულ მთელს ქმნის. თუმცა მათ შორის კონფლიქტი უფრო ხშირია. როგორც წესი, წერს რასელი, ინსტინქტი გონებასა და სულს ეომება, გონება და სული კი ერთმანეთს ებრძვის (68,144-145).
ინსტინქტი ვიტალურობის წყაროა. ეს არის ძალა, რომელიც სხვებთან გაერთიანების საფუძველს ქმნის და ინდივიდის ცხოვრებას რასის ცხოვრებასთან აკავშირებს. ინსტინქტი, ამავე დროს, ბუნების ძალების, როგორც რასელი ადრეული პერიოდის ესეებში წერს, სამყაროს უგუნური ტირანიის ამარა გვტოვებს. მაგრამ ადამიანი არ არის აბსოლუტური მონა რაიმესი. ბუნებაზე მონური დამოკიდებულებისაგან მისი განთავისუფლება გონების, აზროვნების ხელთაა. გონება აკონტროლებს ბიოლოგიურ მიზნებს, რომელთაც ინსტინქტი მეტ-ნაკლებად ბრმად ენდობა. თუმცა, გონება კრიტიკულია და მისი გადაჭარბებული კრიტიციზმი შესაძლოა საზიანოც აღმოჩნდეს. გონების დესტრუქციულობას (ზოგჯერ ცინიზმში გადაზრდილს) სული აბათილებს. იგი აზოგადებს ინსტინქტიდან მომდინარე ემოციებს და ისე ზემოქმედებს გონებაზე, რომ ეს უკანასკნელი ინსტინქტს კი არ ანადგურებს, არამედ გარემოებების ტყვეობისაგან ათავისუფლებს. ინსტინქტი არის ის, რაც იძლევა ძალას; გონება – ის, რაც იძლევა საშუალებებს იმისათვის, რათა ეს ძალა სასურველ მიზნებს მოხმარდეს; ხოლო სული ის, რაც მიუკერძოებელ გამოყენებას მოუძებნის ძალას, რომელიც აზროვნების კრიტიციზმს გადაურჩა (იქვე). თუკი ინსტინქტი, გონება და სული თავისუფლად და სწორად ვითარდებიან, მაშინ ისინი ერთმანეთს ეხმარებიან კიდეც. ბზარი თუნდაც ერთ მათგანში სამივე ასპექტისთვის საზიანოა.
ინსტინქტის ცხოვრება გულისხმობს როგორც ელემენტარულ ვიტალურ იმპულსებს, ასევე შემოქმედების იმპულსსაც. ყველა ადამიანშია რაიმეს შექმნის სურვილი და ყოველი ადამიანი თავისი შესაძლებლობის ფარგლებში ქმნის რაიმეს. ზოგი ქმნის იმპერიას, ზოგი აგებს მეცნიერულ თეორიას, ზოგიც წერს პოემას ან ხატავს სურათს (ყველაზე ბედნიერი მათ შორის, რასელის აზრით, მაინც მეცნიერია, ვინაიდან მისი შემოქმედების ნაყოფი სრულად აკმაყოფილებს როგორც ქმნადობის ინსტინქტს, ასევე გონებას და სულსაც). ზოგჯერ ადამიანს არ აქვს უნარი იმისა რომ დაიკმაყოფილოს შემოქმედების ელემენტარული იმპულსიც კი. მაგალითად, ააგოს სახლი, გააშენოს ბაღი. ასეთ შეთხვევებში ჩნდება შური – ყველაზე დიდი მანკიერებების წყარო.
ინსტინქტის ცხოვრება იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ თუკი ინსტინქტი არ არის დაკმაყოფილებული, მაშინ ინდივიდუალური, პირადი ცხოვრება გამოეყოფა საზოგადოს – პიროვნება სხვა ადამიანებისაგან მოწყვეტილი, იზოლირებული ხდება. სხვა ადამიანებთან ერთობის ყოველგვარი ძლიერი გრძნობა ემყარება სწორედ ინსტინქტს, რაიმე ინსტინქტის დაკმაყოფილების თვალსაზრისით მნიშვნელოვან ერთიან მიზანს. ამის კარგი მაგალითია მამაკაცისა და ქალის, მშობლებისა და შვილების ურთიერთობა, წერს რასელი. ნებისმიერი ადამიანისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია მათთან გაერთიანება, ვინც იმავე ელემენტარული იმპულსით, რაიმე ინტენსიური ემოციით ან იდეით არის გამსჭვალული, რითაც თავად ეს ადამიანია შეპყრობილი. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ სტრესულ მდგომარეობაში მთელი ერიც კი ერთიანდება რომელიმე ძლიერი ემოციის წყალობით. რასელის აზრით, ამითვე აიხსნება რელიგიის, როგორც სოციალური ინსტიტუტის ღირებულებაც (იქვე, 145). ამგვარი გამაერთიანებელი ემოციის არარსებობა, ადამიანებს დისტანციურსა და გაუცხოებულს ხდის. ადამიანები უკვე აღარ ცხოვრობენ ერთმანეთის ცხოვრებით. ამის მიზეზი, რასელის აზრით, ისაა, რომ წყდება ინსტინქტის ცხოვრების ციკლი – გზა სუსტი იმპულსებიდან ძლიერი, კონსტრუქციული იმპულსებისაკენ, ანუ ირღვევა ინსტინქტის ცხოვრების მთლიანობა. ზოგჯერ ადამიანი იმდენადაა შეპყრობილი “ჯოგური”, გვაროვნული იმპულსებით, რომ იგი საკუთარი ინსტინქტის მსხვერპლი ხდება. თუკი ადამიანს მართლა სურს იცხოვროს იმაზე უკეთ, ვიდრე ცხოვრობს, მაშინ, იგი კრიტიკულად უნდა განეწყოს გვაროვნული ტრადიციებისა და შეხედულებების მიმართ. ამაში ადამიანს გონება ეხმარება.
თავისთავად, ინსტინქტი და აზროვნება ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავდება. აზროვნება, თავისი არსით, ზეპიროვნული და დამოუკიდებელია; ინსტინქტი კი პირადული და გარემოებებზე დამოკიდებული. აზროვნება, რომელიც არ სცდება პირადს, კერძოს, არც არის აზროვნება, ამ სიტყვის ჭეშმარიტი გაგებით. ეს არის უბრალოდ ინსტინქტის მეტ-ნაკლებად ჭკუით გამოყენება. სწორედ აზროვნება და სულია ის, რაც ადამიანს ცხოველზე მაღლა აყენებს. მათზე უარის თქმით ადამიანი კარგავს ადამიანისათვის დამახასიათებელ ღირსებასა და ბრწყინვალებას, თუმცა კი შეიძენს ცხოველთა “ბრწყინვალებას” (68,146).
ზოგჯერ, როცა აზროვნება ინტენსიურია, ხოლო ინსტინქტები კი სუსტი, ადამიანები უარს ამბობენ ინსტინქტებზე – ირჩევენ ასკეტური ცხოვრების გზას; ან ღებულობენ მას, როგორც აუცილებლობას და ცდილობენ ყოველივე იმისაგან გამოაცალკევონ, რაც მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვანია. ასეთი არჩევანი ადამიანის გაუცხოებას უწყობს ხელს. არადა, ასეთ ვითარებაში ზოგიერთი სახის ინსტინქტი მხსნელადაც კი ევლინება ადამიანს, ეხმარება მას იმაში, რომ კვლავ იგრძნოს სხვებთან ერთიანობა (ასეთი ინსტინქტი იყო, მაგალითად, ომის დროს პატრიოტიზმის ინსტინქტი). აზროვნებასა და სულს მხოლოდ ერთად ძალუძს ინსტინქტის ცხოვრების მოწესრიგება.
გონება, როცა მისი აქტივობა არ რეგულირდება სულის აქტივობით, ერთ ადამიანს მეორე ადამიანისაგან აცალკევებს. სულის გარეშე, გონებას მართალია ინსტინქტის შეცდომების დაძლევა კი შეუძლია, მაგრამ სხვა რაიმე დადებითს ინსტინქტის ცხოვრებას ვერ მატებს. ზოგიერთი ადამიანი, ამის გამო, აზროვნების მიმართ მტრულადაც კი განეწყობა ხოლმე. თუმცა, რასელის აზრით, ასეთი განწყობა ცუდი შედეგების მომტანია. თუკი გონებას განვითარების გზაზე წინაღობები დახვდა, იგი სხვა უფრო აგრესიული მიმართულებით განვითარდება. აზროვნება თავისთავად ღვთაებრივია. ხოლო ინსტინქტსა და აზროვნებას შორის წინააღმდეგობას სულის აქტივობა დაძლევს.
იმისთვის, რომ ადამიანის ცხოვრება სისხლსავსე და ენერგიული იყოს, ინსტინქტური იმპულსისათვის ძალა და მიმართულებაა აუცილებელი. ხოლო იმისთვის, რომ ადამიანის ცხოვრება კეთილი, სათნოებით აღსავსე იყოს, ინსტიქტური იმპულსები ნაკლებად პირადული და არაკონფლიქტური იმპულსებით უნდა მოწმდებოდეს. ამგვარი რამ გონებისა და სულის ერთობლივ აქტივობას ძალუძს. ზემოთქმულის ნათელსაყოფად, რასელს ერთ-ერთ მაგალითად პატრიოტიზმის გრძნობა მოჰყავს. მისი აზრით, პატრიოტიზმი კონტროლს მოითხოვს. ეს გრძნობა შედგება ისეთი განცდებისა და იმპულსებისაგან, როგორიცაა სამშობლოს სიყვარული, მათი სიყვარული ვისი ცხოვრების წესიც და მსოფლმხედველობაც ჩვენსას ჰგავს; გარდა ამისა, პატრიოტიზმი გულისხმობს ჯგუფებად გაერთიანების იმპულსს, ამ გაერთიანებით გამოწვეული ღირსების განცდას. ყველა ეს იმპულსი და სურვილი, მსგავსად ყოველივე იმისა, რაც ინსტინქტის ცხოვრებას ეკუთვნის, არის პიროვნული, კერძო. გრძნობები და ქმედებები, რომლებიც მათ (ამგვარი იმპულსებსა და სურვილებს) მოსდევს, ნაკარნახებია ურთიერთობით, რომლებიც სხვებს ჩვენს მიმართ აქვთ და არა იმით, რასაც ეს სხვები შინაგანად, თავისთვად წარმოადგენენ. გონებას შეუძლია გვიჩვენოს, რომ სამშობლოს სიყვარულის ინსტინქტი შეზღუდულობის, ირაციონალურობის ნიშანია და რომ სამშობლოს სიყვარული არ არის ყველაზე საუკეთესო რამ. პატრიოტიზმის გრძნობას გონების ამგვარი კრიტიციზმი მართალია ასუსტებს, მაგრამ ვერაფერს მატებს კაცობრიობისადმი სიყვარულის გრძნობას. ამის გაკეთება მხოლოდ სულის აქტივობას ძალუძს. სული განავრცობს და განაზოგადებს სიყვარულს, რომელიც ინსტინქტმა შვა: სამშობლოს სიყვარულს კაცობრიობისადმი საყვარულში გადაზრდის. ამით სულის აქტივობა ზემოქმედებს იმაზე, რაც ინსტინქტის აქტივობისას ნეგატიური კუთხით შეიძლება განვითარდეს (იქვე, 150-151).
ინსტინქტი, გონება და სული ერთსა და იმავე გრძნობაში სრულიად სხვადასხვანაირად იჩენენ თავს. ეს სპეციფიკა კარგად ჩანს, მაგალითად, სიყვარულის განცდის შემთხვევაში. ინსტინქტური იმპულსით მართული შეყვარებული ადამიანი თვლის, რომ მისი ემოციები უნიკალურია, ხოლო მისი რჩეული კი სრულყოფილი და განუმეორებელი. გონებით მართული შეყვარებული კი აცნობიერებს, რომ ის ერთ-ერთია მილიონობით შეყვარებულთა შორის. იგი გრძნობს, რომ სიყვარულის ისეთი განცდა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო გონებასა და სულთან, წარმოადგენს ილუზიას, რომელიც ბუნების მიზნებს ემსახურება და ადამიანს ჯოგური, გვაროვნული ცხოვრების მონად აქცევს. ჭეშმარიტი აზროვნება ამგვარი მონობის კატეგორიული წინააღმდეგია. გონება არ ღებულობს ბუნების მიერ შემოთავაზებულ ილუზიას და ამბობს: “უმჯობესია მოკვდეს სამყარო, ვიდრე მე ან ნებისმიერმა სხვამ ეს ტყუილი ვირწმუნოთ.” გონების ამგვარი პოზიცია კარგი “რელიგიაა”, წერს რასელის (იქვე, 152). თუმცა, ეს ჯერ კიდევ არ არის ის ყველაფერი, რაც ადამიანს სჭირდება. გონება არ უნდა იქცეს დესტრუქციულ მოვლენად ინსტინქტური ქმედებების კრიტიკისას. მისი კრიტიკა არ უნდა გასცდეს ზომიერების ფარგლებს. სულის აქტივობით გამორჩეული შეყვარებული ადამიანი სრულიად განსხვავდება გონებით მართული შეყვარებულისაგან. იგი ხედავს, რომ ყოველ ადამიანში არის რაღაც, რაც სიყვარულის ღირსია, რაღაც მისტიკური, მიმზიდველი. სული ეხმარება ინსტინქტს საყვარელი ადამიანის ღირსებების დანახვაში. სულიერი ჭვრეტა ინსტინქტს ჯანსაღ ძალას მატებს. გონებას შეუძლია მიუთითოს ინსტინქტური სიყვარულის სუსტ მხარეებზე, მაგრამ ის ვერ აქცევს მას უნივერსალურ სიყვარულად, ზეპიროვნულ მიზნებზე მიმართულ განცდად. ასეთი რამ მხოლოდ სულის აქტივობას ძალუძს.
სულის ცხოვრება რელიგიის წყაროცაა. ვინაიდან იგი მისტიკურ, სამყაროსა და საგნების მიღმა არსებულ სინამდვილეზეა მიმართული. თუმცა სულიერი აქტივობა იმას როდი ნიშნავს, რომ ის ტრადიციულ რელიგიასთან ასოცირდება. სულის ცხოვრებას მოაქვს შემეცნებით, ცხოვრებითა და უნივერსალური სიყვარულით გამოწვეული სიხარული; მოაქვს თავისუფლება, ადამიანის მშვენიერების განცდა. იგი განაქარვებს ეჭვებს და აღადგენს ჰარმონიას გონებასა და ინსტინქტს შორის. “მათთვის, ვინც ერთხელ უკვე შეაბიჯა აზროვნების სამყაროში, ბედნიერებასთან და სამყაროსთან დაბრუნება მხოლოდ სულის ცხოვრებით არის შესაძლებელი” (იქვე, 154).
ინსტინქტი, გონება და სული ადამიანური აქტივობების ასპექტებია. მაგრამ ადამიანთა ქმედებების წყაროს – როცა ადამიანის ცხოვრების სოციალურ მხარესთან გვაქვს საქმე – უფრო ხშირად იმპულსები და სურვილები წარმოადგენს. როგორც რასელი წერს, არსებობს კრეატიული, შემოქმედების იმპულსი (creative impulse) და ეგოისტური, მესაკუთრული, ფლობის იმპულსი (possessive impulse). ადამიანთა აქტივობა ზოგჯერ მიმართულია იმის შექმნისაკენ, რაც არ არსებობს, ზოგჯერ კი – უკვე არსებულის მხოლოდ მოპოვებისა და მოთხოვნისაკენ. ტიპიური კრეატიული იმპულსის შედეგია ხელოვნება, ხოლო ფლობის იმპულსის შედეგი კი – ქონება. რასელი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კარგია ის ცხოვრება, რომელშიც შემოქმედების იმპულსი ჭარბობს; საუკეთესოა ის ინსტიტუტი, რომელიც ხელს უწყობს შემოქმედებას და ნაკლებ გასაქანს აძლევს ფლობის იმპულსს. ყველაზე ცუდი ინსტიტუტი კი ომია (იქვე, 160-161).
ადამიანი ბუნებით კონფლიქტურია. იგი ებრძვის ფიზიკურ ბუნებას, სხვა ადამიანებს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – საკუთარ თავს. ამ ვითარებაში უპირველესი პრინციპი, როგორც სოციალური, ასევე პირადი ცხოვრებისა, უნდა იყოს შემოქმედებითობის ხელშეწყობა და უარყოფითი მესაკუთრული ინტერესებისა და იმპულსების შემცირება (იქვე, 162). სინამდვილეში ყოველგვარი დაპირისპირება ადამიანსა და დანარჩენ სამყაროს შორის მაშინათვე ქრება, როცა ინდივიდს სხვა ადამიანებისა და ადამიანთა მიღმა არსებული საგნების მიმართ თუნდაც რაიმენაირი ინტერესი აღეძვრება. ამ დაინტერესებულობის წყალობით ადამიანი ცხოვრების ნაწილად აღიქვამს თავს. (34,319).
რასელის თანახმად, საჭიროა ისეთი ფილოსოფია ან რელიგია, რომელიც ცხოვრებას შეუწყობს ხელს. თუმცა იმისათვის, რომ ცხოვრებას ხელი შეეწყოს საჭიროა ორიენტირება უფრო მაღალ ღირებულებებზე ვიდრე უბრალოდ სიცოცხლეა. მხოლოდ არსებობისათვის ცხოვრება, ცხოველური, ჭეშმარიტად ადამიანური ღირებულების არმქონე მიზანია. ადამიანი არ უნდა შეუშინდეს შემთხვევითობის “იმპერიას”, მისი გონება თავისუფალი უნდა იყოს ბუნების უაზრო, უგუნური ტირანიისაგან (62,56-57). ადამიანის ჭეშმარიტი ცხოვრება გულისხმობს არა ზრუნვას ფიზიკურ კეთილდღეობაზე, არამედ ხელოვნებას, სიყვარულს, მშვენიერების ჭვრეტას, სამყაროს მეცნერულ წვდომას. ბედნიერია ის, ვინც ცრურწმენების გარეშე ცხოვრობს, ვისაც თავისუფალი გრძნობები ამოძრავებს და ინტერესთა ფართო სპექტრი აქვს; ის, ვინც უზრუნველყოფს თავის ბედნიერებას ამ ინტერესისა და გრძნობათა წყალობით და იმით, რომ ეს ინტერესები და გრძნობები მას სხვა ადამიანების ინტერესებისა და გრძნობების საგნად აქცევს (38,319). თუ ცხოვრება მართლაც “ადამიანურია”, მაშინ ის უნდა ემსახურებოდეს მიზნებს, რომლებიც ზეპიროვნულია და კაცობრიობაზე მაღლაც დგას – ღმერთს, ჭეშმარიტებას, მშვენიერებას. ადამიანი უნდა იყოს ადამიანი. ის არის აგრეთვე მიზანი და არა მხოლოდ საშუალება.
ადრეულ ესეებში რასელი წერს – ადამიანი, როგორც მოქმედი, სხეულებრივი არსება, როგორც ცხოველი, მიწიერ სამყაროსაა მიჯაჭვული და ბუნების ტირანიის მსხვერპლია, მაგრამ აზროვნებასა და მისწრაფებებში იგი თავისუფალია. რასელის ეს პოზიციაც კანტის თვალსაზრისის ერთგვარი რეპრეზენტაციაა. კანტის მოძღვრების თანახმადაც, ადამიანი ორ სამყაროს ეკუთვნის – ემპირიულ სინამდვილესა და ზნეობრივ, ღირებულებების სამყაროს. კანტიც თვლის, რომ უმთავრესი ადამიანისათვის არის ის, რომ ის ზნეობრივი და ამდენად თავისუფალი არსებაა. მისი პრაგმატული ანთროპოლოგიის მიზანი იყო ადამიანი, როგორც თავისუფალი არსება. კანტის ჰუმანიზმი ყველაზე უკეთ მის იმპერატივში ჩანს – ადამიანი მისთვის ყოველთვის არა მხოლოდ საშუალება, არამედ მიზანიცაა.
რასელის პოზიციის ანალიზი იმაზე მიუთითებს, რომ ადამიანის შესახებ მისი მოძღვრება კანტის კონცეფციის ერთგვარ განვითარებადაც შეიძლება მოვიაზროთ. რასელის ღირებულების ფილოსოფიის მიზანსაც სწორედ თავისუფალი ადამიანი წარმოადგენს. მისი “ჰუმანიზმის” თეორიაც ადამიანის როგორც მიზნის გააზრებაა. კანტის მსგავსად, რასელიც თვლის, რომ ბედნიერება არა მხოლოდ ერთეული ადამიანის, არამედ მთელი კაცობრიობის ძალისხმევით მიიღწევა. “მშვიდობის მანიფესტიც” (Vise Versa) [36], რომელიც აინშტაინთან ერთად შეიქმნა, იმის დასტურია, რომ რასელისთვის არა მხოლოდ ერთეული ადამიანი, პიროვნება, არამედ კაცობრიობაც ყოველთვის მიზანია. კანტის მსგავსად, ომების შეწყვეტის ერთადერთ გზად რასელს იმგვარი მსოფლიო სახელმწიფოს, ერთგვარი ზესახელმწიფოს შექმნა მიაჩნია, რომელიც ერთა შორის ყველა სადაო საკითხის მშვიდობიანად გადაჭრას შეძლებს. ხოლო ის ლიბერალიზმი და დემოკრატიული სული, რომელიც რასელმა კანტის მოძღვრებაში ამოიკითხა, საკუთრივ მის კონცეფციებში, კერძოდ კი რასელის სოციალურ და პოლიტიკურ ფილოსოფიაში თითქმის “ყოველ ნაბიჯზე” იგრძნობა.

ლიტერატურა:
68. Russell B., Principles of Social Reconstruction, L., Routledge, 1997.
69. Russell B., Reply to Criticism / The Philosophy of Bertrand Russell, ed. P.A. Schillp, N-Y. 1951, pp. 681-741.
70. Russell B., The Analysis of Matter, L., Kegan Paul, Trench, Trubner & Co., Ltd, 1927.
71. Russell B., The Analysis of Mind, L., George Allen & Unwin, 1921.
72. Russell B., The Philosophy of Leibniz (with an Appendix of Leading Passages), L. & N-Y., Routledge, 2002.
73. Russell B., The Principles of Mathematics, L., George Allen & Unwin, 1951.
74. Russell B., The Scientific Outlook, L., George Allen & Unwin, 1954.
75. Weitz M., Analysis and the Unity of Russell’s Philosophy / The Philosophy of Bertrand Russell, ed. P.A.Schillp, N-Y., 1951, pp. 55-121.
76. Wiener Ph. P., Method in Russell’s Work on Leibniz / The Philosophy of Ber-trand Russell, ed P.A. Schillp, N-Y. 1951, pp. 257-276.
77. Wood A., Russell’s Philosophy / My Philosophical Development, N-Y., Simon and Schusser, 1959, pp. 257-273.

No comments:

Post a Comment